En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / მედია ტური რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

 

17 სექტემბერს  რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ჟურნალისტებს უმასპინძლა.წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები შეხვდნენ ქარხნის დირექტორს და მის მენეჯმენტს და დაესწრნენ ქარხნის პრეზენტაციას. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს უშუალოდ წარმოების პროცესი, დაესწრნენ ფოლადის ჩამოსხმას, ნამზადის, არმატურის და უნაკერო მილების წარმოებას და მოინახულეს ქარხნის ლაბორატორიები.

2011 წლიდან დღემდე წარმოება საგრძნობლად გაიზარდა ქარხნის თითოეულ საამქროში და გაუმჯობესდა წარმოებული პროდუქციის ხარისხი. ქარხნის მფლობელებმა და ახალმა მენეჯმენტმა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების კურსი აიღო, რათა შეიქმნას ქარხანა რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას მომხმარებლებისთვის როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ამ მიმართულებით უკვე ჩაიდო რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

დღეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აწარმოებს არმატურას, უნაკერო მილებს, კვადრატულ ნამზადს, თუჯს, ლითონკონსტრუქციებს, მექანიკურ დეტალებს და სხვა პროდუქციას რომელიც წარმატებით იყიდება როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აშშ-ს, ევროპისა და დსთ-ს ბაზრებზე. კვადრატული ნამზადის და არმატურის ექსპორტი კი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის ხარისხის კონტროლს. ქარხანაში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით. ქარხანა სერთიფიცირებულია ISO 9001 და API (American Petroleum Institute) გათვალისწინებით. ასევე მინიჭებული აქვს ევროპის ბაზრების სერთიფიცირებაც - CE (Conformite Europeenne) მარკირების გამოყენების უფლებით. გარდა ამისა ქარხანა სერთიფიცირებულია GOST 632, GOST 633 და GOST 8731 უნაკერო მილების და არმატურის წარმოების რუსული სტანდარტებით, აგრეთვე მინიჭებული აქვს DSTU 3760:2006 სერთიფიკატი არმატურის წარმოებისთვის უკრაინული სტანდარტებით.

ფარუქ სიდიკი - შპს „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი: „დღეს ჩვენ ჟურნალისტები მოვიწვიეთ, ქარხანა დავათვალიერებინეთ და ჩვენი შიდა სამზარეულო გავაცანით. ჩვენმა ქარხანამ საგრძნობლად გაზარდა წარმოების მოცულობა.აღსანიშნავია რომ 2012 წლიდან ქარხანამ განაახლა უნაკერო მილების წარმოება, 2012 წელს ქარხანამ აწარმოა 8,000 ტონა, 2013 წელს დაგეგმილია 40,000 ტონა უნაკერო მილების წარმოება, ხოლო 2014 წელს იგეგმება მილების წარმოების მოცულობის ზრდა 80,000 ტონამდე წელიწადში. ასევე, გაზარდა არმატურის და თუჯის გაყიდვები და დაიწყო კვადრატული ნამზადის ექსპორტიც. 2011 წლიდან დღემდე ჩვენმა ქარხანამ ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა როგორც წარმოების ზრდის ასევე პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც ვაპირებთ წარმოების ზრდას .“