2012 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტმა შეიმუშავა ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პროგრამა და დააზღვია ქარხნის ყველა თანამშრომელი. ამ პროექტის ფარგლებში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე გაიხსნა „პე-ეს-პე დაზღვევის“ ახალი სამედიცინო ცენტრი სადაც ყველა თანამშრომელს საშუალება აქვს ისარგებლოს დაზღვევის პროგრამით და ტერიტორიიდან გაუსვლელად მიიღოს უმაღლესი ხარისხის, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია.
აღნიშნული სამედიცინო ცენტრი 20 მარტს, ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორმა ფარუქ სიდიკმა ოფიციალურად გახსნეს.
- დავით კირკიტაძე - ქვემო ქართლის გუბერნატორი: „ ძალიან მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა განახორციელა საკუთარი თანამშრომლებისთვის რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ. ახალი სამედიცინო ცენტრი მოემსახურება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის 2000-მდე თანამშრომელს. კომფორტულ პირობებში, გამოცდილი მედ პერსონალი 24 საათის განმავლობაში მზად არის აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება ყველა იმ ადამიანს ვისაც ეს დახმარება ესაჭიროება. თითოეული თანამშრომლისთვის ტერიტორიიდან გაუსვლელად ხელმისაწვდომი იქნება ოაჯხის ექიმის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, გადაუდებელი დახმარების ექიმის, ნევროლოგის და ყველა სპეციალობის მოწვეული ექიმის და ლაბორანტის მომსახურება“.
- ფარუქ სიდიკი - შპს „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი: „ჩვენი კომპანიის პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს წარმოადგენს თანამშრომლებში დისციპლინისა და საქმისადმი თავდადების განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია უსაფთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა და თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დღეს 1700 ადამიანი არის დასაქმებული რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ბოლო შვიდი თვის მანძილზე, მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის რომ წარმატებით მიმდინარეობს ფოლადის, არმატურის, თუჯის წარმოება, ასევე წიდის გადამუშავება, მექანიკური და ფასონური საამქროების საქმიანობა. წინსვლა არის კომპანიაში ხარისხის მართვის კუთხითაც - საერთაშორისო ორგანიზაციებმა როგორიცაა API (American Petroleum Institute) და ISO მიანიჭეს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ხარისხის სერთიფიკატები. ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნის მიზანი ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. დღეიდან ჩვენს ყველა თანამშრომელს საშუალება აქვს ისარგებლოს დაზღვევის პროგრამით და ქარხნის ტერიტორიიდან გაუსვლელად მიიღოს უმაღლესი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია“.