18-19 ივნისს, მილანში Ramada Plaza-ში, ფოლადის მილების მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ყოველწლიურმა კონფერენციამ კვლავ მოუყარა თავი ევროპისა და გლობალურ ბაზრებზე მოქმედ ფოლადის მილების ინდუსტრიის ლიდერებს.კონფერენციაზე ძირითად გამომსვლელებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიის ხელმძღვანელი პირები როგორიცაა: TMK, Interpipe, Stemcor UK Ltd., Baosteel, SMS Innse, და მრავალი სხვა. მონაწილე კომპანიებს შორის იყო შპს რუსთავის ფოლადიც, რომელსაც კონფერენციაზე წარმოადგენდა კომპანიის დირექტორი ტომას ბლეიქი.
დღევანდელ ეკონომიკურ გარემოში, ფოლადის მილების მოთხოვნასა და მიწოდების სწრაფად ცვალებადი გლობალური დინამიკის პირობებში, ბაზრის ტენდენციებზე ინფორმაციის ფლობა აუცილებელი პირობაა იმისათვის რომ ბიზნესი იყოს კონკურენტუნარიანი. ინდუსტრიის დეტალური შესწავლის შედეგად, წლევანდელ კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი პრიორიტეტული თემები როგორიცაა: ბაზრის დინამიკა და ტენდენციები, გაჯერებულ ბაზარზე წარმატებული სტრატეგიის შემუშავების მეთოდები და ა.შ.
„კონფერენცია იყო ძალიან ინფორმატიული, შედეგზე ორიენტირებული და სასარგებლო ჩვენი კომპანიისთვის. უნაკერო მილების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენს ქარხანაში. დღესდღეობით რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს უნაკერო მილების ექსპორტს ევროპის, აშშ-ს და დსთ-ს ბაზრებზე. მომავალში დაგეგმილია საექსპორტო ბაზრების გაფართოება, კერძოდ ვგეგმავთ ექსპორტს ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. აქედან გამომდინარე, ყველა ის თემა რაც განხილული იყო წელს კონფერენციაზე ძალიან ღირებული და სასარგებლოა ჩვენი ქარხნისთვის. კონფერენციაზე განხილული იყო ინდუსტრიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: გლობალური და ევროპული ბაზრის ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები, საფასო პოლიტიკა და ის ფაქტორები რაც გავლენას ახდენს მოთხოვნა მიწოდებასა და კონკურენციაზე. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი ისეთი სექტორების განვითარების ტენდენციები როგორიცაა: ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის, საავტომობილო და მექანიკური და სამშენებლო სექტორები. ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა რაზეც მიმდინარეობდა განხილვა იყო ახალი ბაზრის განვითარების შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, ვინაიდან საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავგეგმოთ გაყიდვების სტრატეგია. “ - აცხადებს შპს რუსთავის ფოლადის დირექტორი, ტომას ბლეიქი.