En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მასშტაბურ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით ქ. თბილისში მასშტაბური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „საქართველო - რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან“  გაიმართა.  ფორუმი ორი დღის განმავლობაში, 29-30 ოქტომბერს მიმდინარეობდა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აზიის განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა და საქართველოს ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საინვესტიციო ფორუმი  პრეზენტაციებისა და სადისკუსიო პანელების ფორმატში მიმდინარეობდა. ფორუმის გამხსნელ ნაწილს მოდერირება გაუწია საერთაშორისო სატელევიზიო არხის “CNN”-ის ბიზნესპროფილის გადაცემის წამყვანმა ჯონ დეფტერიოსმა. ფორუმზე მოწვეული იყო  100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, მალაიზია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სტუმრები ევროპიდან და აშშ-დან, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კურტ ტონგი.  ზოგად სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ბანკის ვიცე თავმჯდომარე და ბარკლის ბანკის ახლო-აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის თავმჯდომარე მაკრამ აზარი, ასევე ქ. მოსკოვის „ახალი ეკონომიკური სკოლის“ რექტორი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე პრემიერი და ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა  200-ზე მეტი პირი, ძირითადად კერძო და საჯარო სტრუქტურებიდან. კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შორის იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი ტომას ბლეიქიც.

რუსთავის ფოლადის დირექტორმა განიხილა შესაძლო საინვესტიციო პროექტები პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ბანკებთან და ფინანსურ ინვესტორებთან. რუსთავის ფოლადი საშუალოვადიან პერსპექტივაში მოიცავს საინვესტიციო პროექტებს რომელიც მიმართულია უნაკერო მილების წარმოების განახლებისა და ასევე ახალი ფოლადსადნობი კომპლექსის მშენებლობისაკენ. გარდა ამისა, კომპანიამ შესაძლებელია განიხილოს სხვა საინვესტიციო პროექტები რომელიც დაკავშირებული იქნება ქარხნის ინფრასტრუქტურისა და მიწის გამოყენებასთან, ასევე ცემენტის და ფეროშენადნობების წარმოებასთან.

საინვესტიციო ფორუმის „საქართველო - რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან“ მიზანია, მოხდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა აზიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთანავე რეგიონში ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მაქსიმალური ხელშეწყობა.

ფორუმის ფარგლებში  ჩატარდა   ბიზნესფორმატის ორმხრივი შეხვედრები (B2B). საერთაშორისო ფორუმის დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. სამი სადისკუსიო პანელის ფარგლებში განიხილა შემდეგი ძირითადი მიმართულებები: ტრანსპორტი, ლოგისტიკა და წარმოება;  ენერგეტიკა; ტურიზმი და საცალო ვაჭრობა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ინფორმაცია იმ რეფორმებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებიც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა.

ღონისძიების განმახორციელებელ პარტნიორებს მეწარმოების განვითარების სააგენტო და საკონსულტაციო კომპანია PMCG (POLICY AND MANAGEMENT CONSULTING GROUP) წარმოადგენდნენ.  ასევე ფორუმის ერთ-ერთი სპონსორი იყო  მეწარმეობის განვითარების სააგენტო.